პროგრამული დაფინანსებით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტები
მიმდინარე (2023–2027)
-
საქართველოს მდინარეთა წყლიანობის მოსალოდნელი ცვლილების შეფასება კლიმატის დათბობის პირობებში
ჰიდროლოგია
ანოტაცია: პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მდინარეთა წყლის ხარჯებზე არსებული მრავალწლიური დაკვირვებათა მონაცემების შესწავლასა და სისტემატიზაციას. განისაზღვრება საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობები: თვიური, წლიური, უდიდესი და უმცირესი წყლის ხარჯები. სხვადასხვა პერიოდის წყლის ხარჯების საშუალო მნიშვნელობებთან ერთად განსაზღვრება მათი ყველა სახის სტატისტიკური მახასიათებლები, რომლებიც პრაქტიკულად გამოიყენება სამეცნიერო, საპროექტო და სამეურნეო ორგანიზაციებში წყალსამეურნეო გათვლებისთვის, რაც დაეხმარება ნაგებობათა უსაფრთხოების შეფასებას.
-
კლიმატური გლობალური დათბობის ფონზე სხვადასხვა პერიოდის ჩამონადენის ცვალებადობის შეფასება და ანალიზი მდინარე ვერეს მაგალითზე
ჰიდროლოგია
ანოტაცია: პროექტი ითვალისწინებს მდინარე ვერეს ჩამონადენის ცვალებადობის შეფასებას და ანალიზს, კლიმატის ცვლილების ფონზე სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ასევე სტიქიური მოვლენების მართვას და მათ თავიდან აცილების გზებს. წყალმოვარდნების და წყალდიდობების საერთო მონაცემების შეგროვებას.
-
საქართველოს ცალკეული ადმინისტრაციული რეგიონების კლიმატის, კლიმატური და აგროკლიმატური რესურსების კვლევა (სამცხე-ჯავახეთი)
კლიმატოლოგია და აგრომეტეოროლოგია
ანოტაცია: სამცხე-ჯავახეთის რეგიონის კლიმატის ფორმირების ძირითადი ფაქტორების: რელიეფის, რადიაციული ფაქტორების, ატმოსფეროს ცირკულაციური პროცესების გამოკვლევა; კლიმატის ძირითადი ელემენტების ტერიტორიული განაწილების კანონზომიერებების: ჰაერის ტემპერატურის, ჰაერის სინოტივის, ატმოსფერული ნალექების, თოვლის საფარის, ქარის გამოკვლევა. რეგიონის კლიმატური რესურსების პოტენციალის: საკურორტო რესურსების, ჰელიოენერგეტიკული რესურსების, ქარის ენერგეტიკული რესურსების შეფასება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონის აგროკლიმატურ რესურსებს და პროგნოზებს. განხილული იქნება ამინდის საშიში მოვლენები: ძლიერი ქარები, ქარბუქი, ნისლი, ინტენსიური, უხვი და კატასტროფული ნალექები, წაყინვები. კვლევაში გამოიყენება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული მეტეოროლოგიური სადგურების დაკვირვებათა მონაცემები.
-
მოდელური სისტემების შექმნა და განვითარება ამინდის და კლიმატის პროგნოზის, ბუნებრივი და ანთროპოგენული რისკების შეფასების შესასწავლად საქართველოს ოროგრაფიის გათვალისწინებით
მეტეოროლოგია
პროექტი ითვალისწინებს ამინდისა და კლიმატის ცვალებადობის გამომწვევი ბუნებრივი და ხელოვნური ფაქტორების შესწავლას, მათ ინტეგრირებას საპროგნოზო მოდელებში, ატმოსფერული პროცესების პროგნოზირების სამეცნიერო ასპექტების და ამინდის მოკლევადიანი პროგნოზის ხარისხის გაუმჯობესებას რეგიონული მრავალ-მოდელიანი ანსამბლური მეთოდის გამოყენებით. პროექტი ინოვაციურია, რადგან მოიცავს კოსმოსური ამინდის პროგნოზირებას, ადგილობრივი ამინდის შესწავლას და სიზუსტის გაზრდას. ასევე კვლევის მასალები შეიძლება ჩართულ იქნას საუნივერსიტეტო კურსებში.
-
საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული სტიქიური მოვლენების რისკების შეფასება კლიმატის თანამედროვე ცვლილების ფონზე
მეტეოროლოგია
პროექტი ითვალისწინებს გვალვის წარმოქმნისა და განვითარების ხელშემწყობი პირობების შესწავლას, მათ შორის გლობალური ფაქტორები (მზის აქტივობა, ვულკანები, ატმოსფეროში აეროზოლები), ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები (ნალექი, ტემპერატურა, სინოტივე) და ანთროპოგენური ფაქტორები. ანალიზი ხორციელდება ლიტერატურული წყაროებისა და თანამგზავრული დაკვირვებების საფუძველზე.
-
რელიეფის გავლენა ატმოსფეროს ანომალურ მოვლენებზე საქართველოს ცალკეული რეგიონებისთვის (სვანეთი, იმერეთი)
მეტეოროლოგია
პროექტი მოიცავს ქუთაისის რეგიონზე, ბოლო 30 წლის მეტეოროლოგიური რეჟიმის ცვლილების შესწავლას სხვადასხვა სახის მცირე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად.
-
საქართველოს მყინვარების თანამედროვე მდგომარეობის ატლასი
გლაციოლოგია
პროექტი ითვალისწინებს დასავლეთ საქართველოში მდინარეების ბზიფის, კელასურის და კოდორის აუზების მყინვარების მახასიათებლების განსაზღვრას თანამგზავრული მონაცემების, ისტორიული მონაცემებისა და ექსპერტული ცოდნის გამოყენებით.
-
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ნიადაგებისა და ზედაპირული წყლების თანამედროვე ეკოქიმიური მდგომარეობის შეფასება და ლანდშაფტების აღდგენის რეკომენდაციების შემუშავება
გარემოს დაბინძურება
ანოტაცია: შესწავლილია საქართველოში, ეკოლოგიური მდგომარეობის მხრივ ერთ-ერთი მოწყვლადი რეგიონი ჭიათურის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის მთავარ პრობლემას კლიმატის ცვლილების ფონზე, წარმოადგენს ბუნებრივი სტიქიური მოვლენების (მეწყრები, ღვარცოფები, წყალდიდობა, ქარები, ეროზია და სხვა) გააქტიურება, რასაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში სამთო-მოპოვებითი საქმიანობის (მარგანეცის წარმოება) ინტენსიფიკაცია. მადნის მოპოვება მრავალ წინააღმდეგობრივ საკითხს უკავშირდება. ერთის მხრივ, ის შემოსავლის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წყაროა. თუმცა, ამას მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს გარემოსა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის. გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია სამთო-მომპოვებელი მრეწველობის უარყოფითი გავლენა, განსაკუთრებით, ღია კარიერული წესით საბადოს დამუშავებისას. ეს უკანასკნელი ბუნებრივია, ბევრად რენტაბელურია მადნის მიწისქვეშა დამუშავებასთან შედარებით. შესაბამისად, იზრდება წყობიდან გამოსული მიწის ფართობები. საკითხი მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონებისთვის, მათ შორის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისთვის, რომლის მოსახლეობა საუკუნეზე მეტია განიცდის მადნის მოპოვების უკიდურესად უარყოფით ზემოქმედებას. სავარაუდოა, ეკოსისტემების და სასურსათო პროდუქტების დაბინძურება; ნიადაგის დეგრადაცია, დიდი მატერიალური ზარალი და სხვა. ჭიათურაში მადნის მომპოვებელი შახტები და ღია კარიერები განლაგებულია მდინარის პირზე და მადნის გასარეცხად იყენებენ მდინარე ყვირილას წყალს, რის შედეგადაც მდინარე საგრძნობლად ბინძურდება. მადნის რეცხვის პროცესში წარმოქმნილი საწარმოო ჩამდინარე წყალი, დიდი რაოდენობით შეიცავს შეწონილ ნაწილაკებს, მძიმე ლითონებს, მანგანუმის ნაერთებს და გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდ. ყვირილაში. გარდა ამისა, მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროზე განთავსებულ სანაყაროზე დასაწყობებულია დაახლოებით 805 845 ტონა აგლომერატი, რომელიც საშუალოდ შეიცავს 15.4% მანგანუმს. ნალექების ზემოქმედებით აგლომერატი ჩაირეცხება მდ. ყვირილაში და იწვევს მის დამატებით დაბინძურებას.ნიადაგისა და გრუნტის დაზიანება ან დაბინძურება და აქედან გამომდინარე, ნიადაგის დეგრადაცია მოსალოდნელია კარიერის გადახსნის სამუშაოების შესრულების პროცესში. მანგანუმის მოპოვების დროს ატმოსფერულ ჰაერში გამოიყოფა მანგანუმის ოქსიდი მტვრის სახით. ქარი და ნალექი ხელს უწყობს მის გავრცელებას და დალექვას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მანგანუმი ადამიანისა და ცხოველებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. მცირე კონცენტრაციით მანგანუმს ადამიანის თითქმის ყველა ორგანო შეიცავს. უარყოფითი ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს როგორც დეფიციტმა ასევე გადაჭარბებულმა ზემოქმედებამ. მანგანუმი არ იწვევს მწვავე მოწამვლას. ის წარმოადგენს კუმულაციური მოქმედების შხამს და დროის განმავლობაში ორგანიზმზე ზემოქმედებისას ახასიათებს მრავალმხრივი გამოვლენა და იწვევს შემდეგი პროფესიულ დაავადებებს: მანგანიზმს, ბრონქულ ასთმას, ალერგიულ დერმატიტს და სხვა.
-
დასავლეთ საქართველოს საყოფაცხოვრებო და კომერციული ჩამდინარე წყლების გავლენა კლიმატის ცვლილებასა და ზედაპირული წყლების ჰიდროქიმიაზე
გარემოს დაბინძურება
ანოტაცია: საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა წარმოუდგენელია ისეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსის არარაციონალური მართვის პირობებში, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე - წყალი. ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების (WWTP) მუშაობის ეფექტიანობის ქვეშ იგულისხმება, როგორც ურბანული ჩამდინარე წყლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სახელმწიფო ნორმატიულ დონემდე გაწმენდა, ასევე გამწმენდი ნაგებობიდან მიღებული ლამის სწორი მართვის სტრატეგია. WWTP-ზე წარმოქმნილი ლამი არის არაცოცხალ ბაზაზე ცოცხალი ორგანიზმების რთულად ორგანიზებული კონგლომერატი, რომელიც დაკავშირებულია მეტაბოლურ და ტროფიკულ პროცესებთან. იგი წარმოიქმნება მნიშვნელოვანი რაოდენობით და კლასიფიკაციის მიხედვით მიეკუთვნება საშიშროების IV კლასს. გამწმენდი ნაგებობის ლამი შედგება 70-90% ორგანული და 10-30% არაორგანული ნივთიერებებისგან. იგი შეიცავს ნახშირბადს, წყალბადს, ჟანგბადს, აზოტს, გოგირდს, ორგანულ ნაერთებს (რომელთაგან ყველაზე საშიშია პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინები და დიბენზოფურანები (PCDD/F), ჰალოგენორგანული ნაერთები), ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, პოლიციკლურ არომატულ ნახშირწყალბადებს (PAHs), ფარმაცევტულ საშუალებებს, ხის კონსერვანტებს, ცხიმებს, ზეთებს და რაც მთავარია მძიმე მეტალებს .საკანალიზაციო ლამი არის ნარჩენი, რომელიც წარმოიქმნება ჩამდინარე წყლების დამუშავების შედეგად. ის შეიძლება შეიცავდეს დამაბინძურებლებს, როგორიცაა მძიმე ლითონები და პათოგენები, ასევე ღირებულ ორგანულ და საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა აზოტი, ფოსფორი, კალიუმი და, შესაბამისად, შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო, როგორც სასუქი ან ნიადაგის გამაუმჯობესებელი საშუალება, შესაბამისად WWTP-ზე წარმოქმნილი ლამი უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც ნარჩენების სახეობა, არამედ როგორც სასარგებლო რესურსი სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის. დღეისათვის საქართველოში ფუნქციონირებს რამდენიმე ურბანული ჩადინარე (ნახმარი) წყლების გამწმენდი ნაგებობა, მათ შორის გარდაბნის (ემსახურება თბილისს, რუსთავს, მცხეთას და გარდაბანს), ადლიის (ემსახურება ბათუმს), საჩხერის (კერძო), თელავის, ურეკის, ზუგდიდის, ანაკლიის და შენდება/დაპროექტებულია ურბანული ჩადინარე (ნახმარი) წყლების გამწმენდი ათობით ნაგებობა. ცირკულარული ეკონიმიკის, მდგრადი განვითარების, გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია აღნიშნულ ნაგებობებზე ტონობით წარმოქმნილი ნარჩენების (ლამის) რაციონალური მართვის სისტემის შემუშავება. პროგრამული პროექტის ფარგლებში საკვლევი რეგიონის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე მოქმედებს 4 ურბანული ჩამდინარე (ნახმარი) წყალგამწმენდი ნაგებობება - ადლიის, ურეკის, ზუგდიდის და ანაკლიის, თუმცა ადლიის გარდა ხსენებული ნაგებობები ახალია და მათზე წარმოქმნილი ლამის რაოდენობა ამ ეტაპზე შედარებით უმნიშვნელოა, ამიტომ პროექტის ფარგლებში საკვევ ობიექტად შერჩეული იყო ყველაზე დიდი და ამავე დროს ძველი ნაგებობა - ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, რომელზედაც შესწავლილ იქნა წარმოქმნილი ლამისა და შემავალი ჩამდინარე წყლის ფიზიკურ-ქიმიური შედგენილობა და მიღებული მონაცემების საფუძველზე შეფასდა საკვლევი ობიექტის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე.
-
დასავლეთ საქართველოს ურბანიზაციის ცენტრებში გარემოს კომპონენტების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება რიცხვითი მოდელირებითა და ნატურული დაკვირვების გამოყენებით
გარემოს დაბინძურება
პროექტი მოიცავს ქუთაისის ატმოსფერული ჰაერის PM2.5 და PM10 დაბინძურების კვლევას, ჭიათურის მუნციპალიტეტის ნიადაგებისა და ზედაპირული წყლების ეკოქიმიურ შეფასებას, ლანდშაფტების აღდგენის რეკომენდაციების შემუშავებას, ასევე საყოფაცხოვრებო და კომერციული ჩამდინარე წყლების გავლენის შესწავლას.
-
ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინებისა და განმარტებების ლექსიკონ-ცნობარის დამუშავება
გარემოს დაბინძურება
პროექტი ითვალისწინებს დამხმარე სახელმძღვანელოს “ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი“-ის დამუშავებას. გამოიყენება სხვადასხვა საერთაშორისო წყარო, მათ შორის 1996 და 2006 წლის IPCC სახელმძღვანელოები, GHG Protocol და სხვა. გლოსარი მოიცავს ეკოლოგიისა და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებათა ტერმინოლოგიას.
დასრულებული
პროექტები კლიმატოლოგიისა და ჰიდროლოგიის სფეროში
1. ამინდის და კლიმატის რეგიონალური მრავალმოდელიანი საპროგნოზო მეთოდების დამუშავება საქართველოს პირობებისათვის
რეზიუმე
პროექტი ითვალისწინებდა ამინდისა და კლიმატის ცვალებადობის გამომწვევი ბუნებრივი და ხელოვნური ფაქტორების შესწავლას, მათ გათვალისწინებას საპროგნოზო მოდელებში, ატმოსფერული პროცესების პროგნოზირების სამეცნიერო ასპექტების და ამინდის მოკლევადიანი პროგნოზის ხარისხის გაუმჯობესებას საქართველოში, რეგიონული მრავალ-მოდელიანი ანსამბლური მეთოდის გამოყენებით. პროექტის სამეცნიერო სიახლე მდგომარეობს აღნიშნული რეგიონული მრავალმოდელიანი ანსამბლის მეთოდის პირველად გამოყენებაში ამიერკავკასიის ტერიტორიისათვის, ალბათური პროგნოზის შედგენასა და ექსტრემალური პროგნოზის ინდექსის შემუშავებაში, რასაც ახლავს ატმოსფერული ფიზიკის, მათემატიკური მოდელირებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უამრავი სამეცნიერო-ტექნოლოგიური ამოცანის გადაჭრა და გამოყენება.
განხორციელდა შერჩეულ მიკრორეგიონებზე (მაგალითად თბილისის, ახალციხის, ქვაბური) ძირითადი მეტეოროლოგიური ელემენტების: ატმოსფერული წნევის, ტემპერატურის (მაქსიმალური, მინიმალური, საშუალო), ნალექების (ფარდობითი სინოტივის), ქარის (მაქსიმალური, მინიმალური, საშუალო), განსაკუთრებული ატმოსფერული მოვლენების (ქარბორბალა, სეტყვა, დიდ თოვლიანობა, უხვი ნალექები) მრავალწლიური (არა ნაკლები ათი წლისა) მნიშვნელობების სტატისტიკური მასალის მოპოვება.
მოხდა მოპოვებული რიცხვითი მასალის დამუშავება და გამზადდა მონაცემთა ბაზა მოდელური ამოცანების გათვლისათვის. მოდელისათვის საჭირო სათვლელი ბადის იმ წერტილებში, სადაც მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ მიმდინარეობს (არც სტაციონალური და არც ექსპედიციური), შეფასდა გიპსომეტრული სიმაღლე ზღვის დონიდან ე.წ. ორმაგი გასაშუალების მეთოდით. მიმდინარეობს სიმაღლის მიხედვით წნევის სიდიდის შეფასება და დაითვლება შესაბამისი გრადიენტები.
შეფასდება შერჩეულ რეგიონებზე ქარის კინეტიკური ენერგია, ჩვენს მიერ უკვე მიღებული და გამოქვეყნებული ფორმულით. სასურველია აგრეთვე სასაზღვრო ფენისათვის განისაზღვროს W სიჩქარე დიუბუკის ფორმულით, მოხდეს შედეგების შედარებები და შეფასებები.
შესრულებულია შემდეგი სამუშაოები: კვლევასთან დაკავშირებული ლიტერატურის გაცნობა/დამუშავება. მყინვარების თანამედროვე მდგომარეობის შესასწავლად GLIMS-ის და Landsat მონაცემთა ბაზის გამოყენებით თანამგზავრული სურათების მოპოვება და დამუშავება. საქართველოს ცალკეული მყინვარების არეალის კონტურების დაზუსტება.
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მიერ წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვისა და ნალექთა ხელოვნური გაზრდის სამუშაოების ჩასატარებლად შერჩეული იორის პოლიგონის ტერიტორია ძირითადად აკმაყოფილებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ ამ პროფილის სამუშაოების ჩასატარებლად გამოყოფილი ტერიტორიებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს როგორც გეოგრაფიული, ისე კლიმატური, ჰიდროლოგიური და სოციალურ-ეკოლოგიური თვალსაზრისით. კლიმატური მონაცემები, რომლებიც მოცემულია 1970-იანი წლებისთვის არსებული საცნობარო ლიტერატურიდან, კორექტირებულია ჰაერის ტემპერატურისა და ნალექთა ჯამების 2100 წლამდე არსებული საპროგნოზო შესწორებებით.
პოლიგონისათვის მოცემულია რელიეფის, ნიადაგების, ლანდშაფტური ზონებისა და მცენარეული საფარის ზოგადი მიმოხილვა, რაც მომავალში საჭირო იქნება წყლის რესურსების მართვის მოდელების ასაგებად. იორის პოლიგონისათვის განხილულია ჰიდროლოგიური ქსელი მთავარი მდინარის (იორი), მისი შენაკადებისა და სიონის წყალსაცავისთვის. აღნიშნულია, რომ ნალექთა ხელოვნური გაზრდას პოტენციურად შეუძლია არსებული ჰესის და სარწყავი სისტემების (საგარეჯოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები) ეფექტურობის გაზრდა. მოყვანილია ცნობები თიანეთის მუნიციპალიტეტის ფართობის, მოსახლეობის რაოდენობისა და ეკონომიკის ძირითადი დარგების შესახებ, რაც გათვალისწინებული იქნება მოცემულ აუზში წყლის რესურსების მენეჯმენტის მოდელების აგების დროს.
2. საქართველოს ცალკეული ადმინისტრაციული რეგიონების კლიმატის, კლიმატური და აგროკლიმატური რესურსების კვლევა (ქვემო ქართლი)
რეზიუმე
პროექტი ითვალისწინებს ქვემო ქართლის რეგიონის კლიმატის ფორმირების ძირითადი ფაქტორების გამოკვლევას: რელიეფი, რადიაციული ფაქტორები, ატმოსფეროს ცირკულაციური პროცესები. კლიმატის ძირითადი ელემენტების ტერიტორიული განაწილების კანონზომიერებები: ჰაერის ტემპერატურა, ჰაერის სინოტივე, ატმოსფერული ნალექები, თოვლის საფარი, ქარი. რეგიონის კლიმატური რესურსების პოტენციალის შეფასება: საკურორტო, ჰელიოენერგეტიკული და ქარის ენერგეტიკული რესურსები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აგროკლიმატურ რესურსებს და პროგნოზებს. განხილულია ამინდის საშიში მოვლენები: ძლიერი ქარები, ქარბუქი, ნისლი, ინტენსიური, უხვი და კატასტროფული ნალექები, წაყინვები. კვლევაში გამოყენებულია ქვემო ქართლის რეგიონის მეტეოროლოგიური სადგურების დაკვირვებათა მონაცემები.
3. კლიმატის ცვლილებასთან საადაპტაციო სტრატეგიის დამუშავება ცალკეულ მდინარეთა აუზებისათვის წყლის ინტეგრირებული მართვის სისტემის შექმნის მიზნით (მდ. იორის მაგალითზე)
რეზიუმე
მდ. იორის (ივრის) მრავალფუნქციური დატვირთვა (სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვა საგარეჯოს, გარდაბნის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, სიონის, სამგორისა და დალის წყალსაცავების მოწმარება წყლის რესურსებით, რომელთა ნაწილი სამგორის წყალსაცვის (თბილისის ზღვის) გავლით მოიხმარება თბილისის და რუსთავის საქალაქო წყალმომმარების სისტემებში, ასევე 4 ჰიდროელექტროსადგურის (სიონის, საცხენნის, მარტყოფისა და თეთრახევის) ფუნქციონირების უსაფრთხოად), მისი ბუნებრივი ჩამონადენის შეზღუდულობის პირობებში, მოითხოვს ამ ჩამონადენის ოპტიმალურ მართვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და აგრეთვე მის ხელოვნური გაზრდის შესაძლებლობის დაზუსტებას. ამ ორი ამოცანიდან, პირველზე პასუხის გასაცემად საჭირო იყო სააერთაშორისო კვლევის გათვალისწინება, მდ. იორის აუზში წყლის მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის შექმნა, რაც მოიცავდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში 1980-იან წლებში ამავე აუზში ნალექთა ხელოვნური რეგულირების შედეგების კვლევას. აქვე აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია კლიმატის ცვლილების გავლენა მდ. იორის აუზში; 2100 წლისთვის, 1986-2010 წ. პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელი ნალექთა წლიური ჯამების ზრდა 10-14%-ით, რაც მნიშვნელოვნად გაამძაფრებს წყლის რესურსების დეფიციტს გარკვეულ რაიონებში. ამიტომ, მიზანი იყო აღნიშნულ აუზში წყლის მენეჯმენტის პრობლემების განხილვა და ყურადღების გამახვილება კლიმატის ცვლილებასთან წყლის მოხმარების ადაპტაციის საკითხებზე. აღნიშნულის გათვლისწინებით, ნაშრომში განხილულია მდინარის აუზის ინტეგრირებული მართვის კონცეფციის წარმოშობისა და ევოლუციის ისტორია. შესწავლილია მდინარეთა აუზების ტიპიური ფუნქციები და ინტეგრირებული მართვის მექანიზმები. მსოფლიო გამოცდილების მაგალითზე ნაჩვენებია მდინარეთა აუზების ინტეგრირებული მართვის თეორიული საფუძვლების, მიზნებისა და ამოცანების პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობა. განხილული და გაანალიზებულია მდ.იორის აუზის რელიეფი, ჰავა, ნიადაგი, ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსები, მიწისქვეშა წყლები, ბიომრავალფეროვნება, იორის წყლის მომხმარებელი მუნიციპალიტეტების - თიანეთის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მოსახლეობის, მეცხოველეობისა და მიწის ფონდის სტატისტიკური ინფორმაცია. ჩატარებულია, მახასიათებლებისა და კალაპოტის მიხედვით სამ ნაწილად (ზედა, შუა და ქვედა დინებები) გაყოფილი, მდ. იორის აუზის ჰიდრომეტეოროლოგიური გამოკვლევა როგორც მეტეოსადგურების, ისე სატელიტური მონაცემებით. გაანალიზებულია ჩამონადენის ცვალილება მდ. იორის სხვადასხვა მონაკვეთების მიხედვით. გამოვლენილია ადამიანის საქმიანობის ზემოქმედება მდ. იორის აუზზე. დაზუსტებულიაა აუზზე ზეწოლის სხვადასხვა ტიპები (დაბინძურების წერტილოვანი ზეწოლა, დიფუზიური ზეწოლა, ჭარბი წყალაღებაის ზეწოლა, დაბინძურება ურბანული ჩამდინარე წყლებით, საწარმოო ჩამდინარე წყლებით, დაბინძურება მუნიციპალური ნაგავსაყრელებიდან დაა.შ.) და მათი გამომწვევი მიზეზები. გამახვილებულია ყურადღება მონიტორინგის ინტეგრირებული ინფორმაციული სისტემის როლზე წყლის რესურსების მართვის პროცესში, მოყვანილია მდ. იორის აუზის სამივე სექტორში ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური დეტექტორების სავარაუდო განთავსების სქემა, ასევე მდინარე იორის აუზში წყლის ხარისხის მონიტორინგისა (2014-2017) და ზედაპირული წყლების საველე კვლევის შედეგები (2013-2017) . შემოთავაზებულია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (საფრანგეთი, ნიდერლანდი, ინგლისი და უელსი, ბულგარეთი, ავსტრია, ამერიკის შეერტებული შტატები) არსებული საუზო მართვის მოდელების გამოცდილების საფუძველზე მდ. იორისათვის სააუზო მართვის საპილოტე მოდელი, რომლის ძირითადი საფუძველია, სააუზო მრთვის გეგმა და ის ინსტიტუციები, რომლებიც აღნიშნული გეგმის განხორციელებას, მონიტორინგსა და შეფასებას უზრუნველყოფენ. განსაზღვრულია ასევე დაინტერესებულ მხარეები, მათი ფუნქციები და დაფინანსების სავარაუდო წყაროები. შესწავლილი კლიმატის მოსალოდნელი ცვლილების გავლენა მდ. იორის აუზში შემავალ მუნიციპალიტეტების ეკონომიკაზე და მოყვანილია შესაბამისი საადაპტაციო ღონისძიებები. წარმოდგენილია ამდ. იორის აუზში 1979-1990 წლებში წარმოებული ნალექთა ხელოვნური გაზრდის სამუშაოები, მათი ეფექტურობის გათვალისწინებით, როგორც კლიმატის მოსალოდნელ ცვლილებასთან ადაპტაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატური პარამეტრების გათვალისწინებით, პირობითად გამოყოფილია ნალექთა ,ხელოვნური სტიმულირებისათვის პერსპექტიული 8 პოლიგონი. თითოეული მათგანისათვის შეფასებულია ნალექთა გაზრდის სამუშაოთა პოტენციალი წლის როგორც თბილ, ასევე ცივი სეზონისათვის. წყლის პოტენციურმა დანამატმა თბილი სეზონისათვის შეადგინა 885 მლნ მ3, ხოლო ცივ პერიოდისთვის - 200-250 მლნ. მ3, რაც მიუთითებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ნხგ სამუშაოთა აღდგენის პერსპექტიულობაზე. შესწავლილია პოტენციური დამატებითი წყლის რესურსების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა წყლის ინტეგრირებული მართვის სტრუქტურაში, როგორც იორი-არაგვის ჰიდროსისტემაში შემავალი სიონის, ჟინვალისა და თბილისის წყალსაცავების, ასევე საქართველოს სამხრეთ მთიანეთში არსებული ფარავნის ტბის, წალკისა და ალგეთის წყალსაცავებისთვის. მომავალში, მდ. იორის აუზში, ნხგ სამუშაოთა აღდგენით, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის საკითხებთან ერთად შემოწმებული იქნება ამ რესურსებით სიონის წყალსაცავის (ასევეე მთელი აუზის) შევსების შესაძლებლობა ღრუბლებზე ხელოვნური ზემოქმედების გზით, რაც მიმდინარე საუკუნის ბოლოსთვის კლიმატის პროგნოზირებულ ცვლილებასთან ადაპტირების ერთ-ერთი ქმედითი გზა იქნება.
4. ქ. ქუთაისის ატმოსფერული ჰაერის PM2.5 და PM10 ნაწილაკებით დაბინძურების კვლევა ექსპერიმენტული გაზომვებით და რიცხვითი მოდელირებით მაღალი გარჩევადობის ბადის გამოყენებით
რეზიუმე
შესწავლილია ატმოსფე¬როს ერთ-ერთი მნიშვნე¬ლო¬ვანი დამაბინძურებლის - მიკრო¬ნაწილაკების (PM2.5 და PM10) გავრცელება ქ. ქუთაისის და მისი შემო¬გარენის ატმოსფე-როში. პრობლემა შესწავლილია ექს¬პერი¬მენტალური გაზომვების მონაცემებსა და რიცხვით მოდელირებაზე დაყრ¬დნობით. ნაშრომ¬ში გამოყენებუ¬ლია გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის მონი¬ტორინგის ოფიციალური მონაცემები და სტუ ჰიდრო¬მეტეო¬როლოგიის ინსტიტუ¬ტში ჩატარებული კვლევების შედეგები. ჩატარებულია მიკრო¬ნაწი¬ლაკებით დაბინძურების ანალიზი ნატურული დაკვირვების მონაცემებზე და¬ყ¬რდნობით. მოცემულია ატმოსფერული ჰაერის მიკროაერო¬ზო¬ლე¬ბით დაბინძურების კვლევის მოკ¬ლე მიმოხილვა, ასევე, რთული რელიეფის ტერიტორიაზე ატმოსფეროში დამაბინძურებელი მინარევე¬ბის გავრცე¬ლე¬ბის განტოლებათა სისტემა. ატმოსფეროს მიწისპირა ფენაში მეტე¬ოროლოგიური ველებისა და კონცენტრა¬ციების განსა¬ზღვრის მეთოდი, რიცხვითი ინტეგრირების ალგორითმი. გაკეთებუ¬ლია დასკვნა, რომ ქალაქ ქუთაისის ატმოსფე¬როში PM2.5 ნაწილაკების კონცენტრაციები, როგორც წესი, ნაკლებია PM10-ის კონცენტრაცი¬ებზე, მაგრამ მათი ცვლილე¬ბის მრუდის ხასიათი ერთნაირია. შესწავლილია PM ნაწილაკების კონცენტრაციების საათობ¬რივი ცვლილების ტრენდი. ნაჩვენებია, რომ ქუთაისის ატმოსფეროს PM ნაწილაკებით დაბინძურებაში ძირითადი წვლილი შეაქვს როგორც ავტოტრანსპორტს, ასევე საგზაო სამუშაოებს და სამშენებლო ინდუსტრიას. რიცხვითი მოდელირებით შესწავლილია ქალაქ ქუთაისის ატმოსფეროში მიკრონაწილაკების ლოკა¬ლუ¬რი გავრცელება გაბატონებული აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარების დროს. მიღებულია, რომ ქალაქ ქუთაისის ატმოს¬ფეროში მიკროაეროზოლების კონცენტრაციების დროსა და სივრცეში ცვლი¬ლება რთულია. ის დამოკიდებულია, რო¬გორც ატმოსფეროს დამაბინძურებელი წყაროების მდე¬ბარეობაზე და ინგრე¬დიენტის სივრცეში გაფრქვევის ინტენ-სივობაზე, ასევე რელიეფის გავლენით ფორმირებულ ლოკალურ მეტეო¬როლოგიურ პროცესებზე.